Saturday, February 9, 2019

კარლო კაჭარავა - 55 წლის



2019 წლის 7 თებერვალს  კარლო  55 წლის გახდებოდა. ილიას უნივერსიტეტის სტუდენტურმა ჯგუფმა „ავალონმა“ საჯარო ბიბლიოთეკაში მისი საღამო მოაწყო. სამწუხაროა, რომ საკონფერენციო დარბაზმა ყველა მსურველი ვერ დაიტია და ნაწილი გაბრუნდა. ჩვენ მოვისმინეთ ქალბატონ ბელა წიფურიას შესანიშნავი მოხსენება კარლოს პოეზიის შესახებ. მე მის მხატვრობაზე ვისაუბრე, თუმცა დიდი აუდიტორიის წინაშე დისერტაციის დაცვის შემდეგ არ მისაუბრია და ძალიან ვღელავდი, ყველაფრის თქმა ვერ მოვახერხე და ამიტომ გადავწყვიტე, სათქმელი ჩემს ბლოგზე დამედო.
მე და კარლო კოლეგები და მეგობრები კი ვიყავით, მაგრამ ისეთი ყოველდღიური და მჭიდრო ურთიერთობა არ გვქონია, როგორც ვთქვათ, „არქივარიუსების“, „მეათე სართულის“, „რეაქტიული კლუბის“ ან „მარჯანიშვილის თეატრის“ დაჯგუფებების წევრებს ჰქონდათ. მე დღეს აქ მხოლოდ იმის გამო ვარ, რომ მისი დღიურების რედაქტორი გახლავართ. და ეს, ძალიან დიდი ბედნიერებაა, მუშაობის განმავლობაში, „იცხოვრო“ მის გვერდით, მასთან ერთად გადაგხდეს თავგადასავლები და შეგექმნას ილუზია, თითქოს მოწმე იმისა, თუ როგორ იქმნებოდა ეს ტექსტები და ჩანახატები. თუმცა, ეს ბედნიერება მკითხველის ხვრედრიცაა.
უზომოდ მიხარია, რომ ახალგაზრდების მხრიდან კარლოს მიმართ ასეთ ინტერესს ვხედავ. ძალიან მაკლია, ბევრჯერ მინატრია და წარმომიდგენია მასთან საუბარი, მაგრამ როდესაც ქუჩაში მისი ციტატების გრაფიტის ვხედავ, ვხვდები, რომ მარტო მის ახლობლებს და ნაცნობებს კი არა, ახალ თაობასაც გაუბამს მასთან წარმოსახვითი დიალოგი. კარლო კვლავ ცოცხალი და ახლობელი ადამიანია იმ ახალგაზრდებისთვისაც, ვისაც მასთან შეხება არ ჰქონია.
კარლოს უნიკალურობა მის მრავალმხრივ ინტერესებშია. ხელოვნების ისტორიკოსი, თეორეტიკოსი, კრიტიკოსი, მხატვარი, პოეტი, ის არა მხოლოდ წერდა თეორიულ შრომებს - ესეებს, სტატიებს, რეცენზიებს, მანიფესტებს, დისერტაციას, წერდა მის დროში, მის გვერდით მიმდინარე პროცესებზე, არამედ თვითონ იყო ამ პროცესების უშუალო „მშენებელი“ და მამოძრავებელი ძალა.
კარლოს სკოლის ჟურნალის დევიზი იყო - „დაჯექი, დაწერე, დახატე“. 14 წლის ასაკიდან წერდა დღიურებს. უკანასკნელი ჩანაწერი 1994 წლის 22 მარტს გააკეთა.  27-ში მოულოდნელად ცუდად გახდა, საავადმყოფოში დააწვინეს, ორი ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ 9 აპრილს ის გარდაიცვალა.
მისი სტატიიდან ერთი ფრაზა მახსენდება, რომელსაც ხიტა ქუთათელაძეზე და ავთო ვარაზზე ამბობს - „ორივე ეს ოსტატი საკუთარი თავისადმი უკომპრომისო მომთხოვნელობით, პრინციპულობით გამოირჩეოდნენო.“ ასეთი იყო კარლო საკუთარი თავის მიმართაც.
მასზე ბევრი რამ ითქვა და დაიწერა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ეს საყვედურია და პირველ რიგში, ამ საყვედურის ადრესატი მე თავად ვარ. ჩვენ დღეს ძალიან გვჭირდება კარლოსნაირი ადამიანი, რომელიც არ დაელოდება სხვას, აიღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, შეისწავლის, დაფიქრდება და გააანალიზებს, რა ხდება დღევანდელ ქართულ ხელოვნებაში. კარლოს არაერთხელ უთქვამს ჩემთვის - შეეშვი ამ შუა საუკუნეებს, ცოცხლებს მოგვხედე, ჩვენზე წერეო.
თვითონ წერდა. უნდოდა, რომ მისი მეგობრების და წინა თაობების შემოქმედება მოეაზრებინა არა ადგილობრივ, არამედ უფრო ვრცელ, მსოფლიო კონტექსტში და ამისკენ მიმართა მთელი თავისი ძალისხმევა. ძალიან განიცდიდა, რომ ქართული ავანგარდი მსოფლიოს არტკრიტიკისთვის შეუმჩნეველი იყო, ან, უკეთეს შემთხვევაში, რაღაც პროვინციულ, მარგინალურ  მოვლენად ითვლებოდა. ამის გამოსწორებას შეალია ცხოვრება. კარლო წერდა იმ მხატვრებსა და დაჯგუფებებზე, რომელთა წევრი თვითონაც იყო. წერდა ასევე 70-იანელებზე და 60-იანელებზე. ის ეძებდა საერთო ნიშნულს, მახასიათებელს, რომელიც მოცემული დროის მონაკვეთის ხელოვნებას აერთიანებდა.
და რადგან დღეს კარლოს შემოქმედებაზე ვსაუბრობთ, თავს უფლებას მივცემ, მცირე გადახვევა გავაკეთო, მოკლედ გითხრათ, როგორ აფასებდა კარლო იმას, რასაც ქმნიდნენ მისი მეგობრები, რომ უკეთ დავინახოთ, რით იყო გამორჩეული თვითონ. ეს საერთო მახასიათებელი, როგორც კარლო დააკვირდა, აღმოჩნდა ერთგვარი რეტროსპექტიულობა - დიადი წარსულისადმი ნოსტალგია. ამ მხატვრების თემატური მოტივები რელიგიაა,  საქართველოს ისტორიაა, მითებია. შესაბამისად, მათი სახვითი სტილი ხატწერასთან, ფრესკულ მხატვრობასთან, ხელნაწერთა მინიატურებთან ან წინაპართა ძველ ფოტოებთან ასოცირდება, თუმცა კი თითოეული მათგანი საკუთარ იკონოგრაფიას ქმნის. კარლომ დაინახა წარსულის ხატების აღორძინების ტენდენცია, ნახევრადზღაპრული, შეთხზული პერსონაჟების, რომანტიკული და ზნეობრივი იდეალების დამკვიდრების, და ამ ყველაფერში დრამატული მომენტების აქცენტირების ტენდენცია. მაგრამ ამ მხატვრებს წარსულში არ უცხოვრიათ! რეალურად, ეს ნოსტალგიაც არ არის! ის სახე-ხატები, რომელთა რეანიმირება ხდება, შორეულია და დრომ მათ სიმკვეთრე დაუკარგა, ან ზოგჯერ შესაძლოა, გააიდეალა კიდეც. გამოდის, რომ ეს მხატვრები იმ წარმოსახვით, გაიდეალებულ, ოდესღაც დიადი საქართველოს „გარდასულ დღეთა“ სამყაროს ასახავენ, რაც ზღაპარივით იციან და არა იმას, რაც საკუთარი გამოცდილებით შეიგრძნეს.
არ იფიქროთ, რომ კარლო რომელიმე მხატვარს აკნინებდა. მათი მიზანი სულაც არ 
ყოფილა  თუნდაც მაღალი ესთეტიკური ღირებულების მქონე, მაგრამ კომერციულად 
მომგებიანი სალონური სამშვენისების შექმნა. არა. ასეთებზე კარლო არც წერდა. მისი 
მეგობრები რეალობისგან გასაქცევად საკუთარ კეთილშობილურ, ამაღლებულ, 
საოცნებო სამყაროს ქმნიდნენ, მათალ ზნეობრივ იდეალებს ამკვიდრებდნენ და 
ამ გზით, ირიბად უპირისპირდებოდნენ საკუთარი დროის უგვანობას.
მე ძალიან მიყვარს მერაბ აბრამიშვილის ფერწერა. მერაბ აბრამიშვილმა შექმნა 
საკუთარი სამოთხე, რომელშიც ჩვენც გვსიამოვნებს „ჩაძირვა“, გაქცევა ჩვენი 
ყოველდღიური პრობლემებისგან, ტკბობა რაღაც სათუთი, ფაქიზი, დეკორატიული, 
ილუზორული ნეტარებით, სადაც ცხოველი, ადამიანი, მცენარე, ყველაფერი ერთად 
ჰარმონიული ქორალივით შეხმატკბილებულა. აბრამიშვილის შემოქმედება ის სულის 
მალამოა, ის ესთეტიკაა, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს. ეს ჩვენი შემზარავი 
ყოველდღიურობიდან გასაქცევი ოაზისია, ერთგვარი თავშესაფარი. 
მაგრამ კარლო თვალს არ არიდებს მწვავე რეალობას. ის არა ირიბად, არამედ უშუალოდ ასახავს მის გვერდით, მის ცხოვრებაში აქტიურად შეჭრილი, გაუცხოვებული და დაბნეული ადამიანების ტკივილს.
თავის სტატიებში კარლო მეგობრების შემოქმედებას აანალიზებს და ერთ რამეს საყვედურობს - სოციალურ უფუნქციობას. კარლო ამბობს, რომ მათი მხატვრობის რელიგიურ-ეთიკური, ეროვნული და ისტორიული მისია განყენებულია, რადგან აქტუალურ რეალობას მოწყვეტილია. კარლო მათ „ჩაკეტილ მხატვრებს“ უწოდებს. როგორც ჭადრაკის ჩაკეტილ, იზოლირებულ ფიგურაზე ითქმის. გვარებს არ ასახელებს, მაგრამ დაუფარავად ადანაშაულებს პოლიტიკურ დეზორიენტირებულობაში, სოციალური პრობლემებისადმი გულგრილობაში. წერს, რომ მათ მთელი თავისი ყურადღება ესთეტიკაზე გადაიტანეს. ძალიან ბრაზიანი კრიტიკული წერილია! თან, ეს მხატვრები მისი უახლოესი მეგობრები არიან! კარლოს მიაჩნდა, რომ  ხელოვნებამ უნდა გააცნობიეროს თანადროული სოციალური პრობლემატიკა, არ უნდა დარჩეს სოციალურად სტერილური.
გარდა ამისა, კარლო ილაშქრებდა ქართული ეროვნულობის ვიწრო გაგების, რჩეულობის ყალბი და ფუჭი განცდის  - „რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ“, წინააღმდეგ. ის ზოგადადამიანური ღირებულებების მატარებელ ხელოვნებას ქმნიდა და სწორედ ამაში ეხმარებოდა ევროპული ალუზიები.
შემთხვევითი არაა, რომ გამონათქვამი - „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“ კარლოს მეგობარს, პოლიტიკოს ზურაბ ჟვანიას ეკუთვნის. ასე იჩენდა თავს პარალელური ტენდენციები 80-იანელთა თაობის პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებში. ორიენტაცია საკუთარი ვიწრო გარემოსა და წარსულისკენ დამაბრკოლებლად მოქმედებს განვითარებაზე. აწმყო თავისი აქტუალური პრობლემებით - ეს მიაჩნდათ მათ წინსვლის საწინდრად.
მახსენდება კლასიცისტი ჟაკ-ლუი დავიდი, რომელიც იმისთვის, რომ თანამემამულე ფრანგებს რევოლუციური მოწოდებებით მიმართოს, ძველი რომის ისტორიას ხატავს. როგორი უსიცოცხლოა და ყალბია ეს სურათები! და მხოლოდ მისი მეგობრის და თანამოაზრეს, ჟურნალისტი მარატის მკვლელობის შემდეგ გააცნობიერებს, რომ ისტორია იქვე, მის გვერდით, მისი თანამედროვე ადამიანების მიერ იწერება და არა ანტიკურ ხანაში და პირველად ქმნის ღირებულ ტილოს „მარატის სიკვდილი“, რომელიც ნამდვილად საუკეთესოა დავიდის შემოქმედებაში.
კარლო ამბობდა, რომ ხელოვნებამ უნდა ასახოს საკუთარ რეალობაში ღირსებაშელახული, 
უსუსური ადამიანის მდგომარეობა ან რაიმეგვარი სოლიდარობა მაინც გამოიჩინოსო.
კარლომ სწორედ საკუთარი თანამედროვეები, გვიან-საბჭოური უგვანობის უშუალო 
მსხვერპლი პერსონაჟები აქცია თავისი ტილოების,  გრაფიკული ნამუშევრების, ლექსების 
თუ მოთხრობების გმირებად და შემდეგ, საგამოფენო სივრცეში გამოიტანა. ესენი არიან 
მისი მეგობრები, მისი საყვარელი ქალები, სიდუხჭირით დამძიმებული ჯარისკაცი, 
მაღაროელი, ჯამბაზი, პატიმარი, ბალერინა და ასე შემდეგ. ესაა კარლოს და, ესაა მამის 
აჩრდილი, რომელსაც საკუთარ თავში ატარებს (მამა ორი წლის ასაკში გარდაეცვალა, 
მასაც კარლო ერქვა და ხშირად მხატვარი მას საკუთარ თავთან აიგივებს - ნახატებში 
თავის თავს ასაკოვან მამაკაცად წარმოგვიდგენს). ამ პერსონაჟების ტკივილი, საკმაოდ 
მძიმედ მოსანელებელი, კარლომ სიმწვავის 100 გრადუსით მოგვაწოდა. მგრძნობიარე, 
რომანტიული, სენსიტიური ადამიანები ვერ მოერგნენ პოსტ-სტალინისტურ ხისტ 
მანქანას, ორმაგ სტანდარტებსა და სიყალბეს. ამ ადამიანების სულიერ მდგომარეობას 
ხატავს კარლო და თან ისე, რომ ყელში გეჩხირება, ტანში გერჭობა და გამტვრევს. კარლოს 
ესთეტიკა მძაფრია და მწვავე. 
 
კარლოს ნახატებში ნაწილი საკუთარ თავს ამოიცნობს, სხვებისთვის კი ისინი 
მამხილებელი საყვედურია, „რადგან მდიდრებს და ღარიბებს მართლაც განსხვავებული 
ღმერთები ჰყავთ“. როგორი ირონიაა, რომ დღეს კარლოს ნამუშევრების შეძენა მხოლოდ 
იმ „რუხ კარდინალებს“ შეუძლიათ, ვინც არათუ მოერგნენ უზნეობას, არამედ ამით 
ისარგებლეს კიდეც და სხვისი „ბედნიერება მოიპარეს“. თუმცა მათიც 
მესმის. ერთნი მოდას აყოლილან და დაე, უყურონ კარლოს ნამუშევრებს. იქნებ ეს მათი 
პრინციპების თუ უპრინციპობის გადახედვაში დაეხმაროს, იქნებ დაინახონ საკუთარი 
თავი, როგორც ილიას „სარკეში“. სხვებში კი ალბათ დარჩა ჰუმანურობის მარცვალი და 
კარლოს შემოქმედებას, როგორც საკუთარი სულის ხსნას, ისე ეჭიდებიან. უცნაურია, 
მაგრამ იმათიც მესმის, ვისაც შესაძლებლობა აქვს, მდიდარ კოლექციას ფლობს, მაგრამ 
კარლოს ნამუშევრებს არ ყიდულობს - ძნელია კედელზე გეკიდოს „ბრალდება“ საკუთარი 
თავის წინააღმდეგ.
თუ ვინმეს დააინტერესებს 80-იანი წლების ახალგაზრდების სულიერი მდგომარეობა, 
არა ელიტარული, პრივილეგირებული პარტიული ნომენკლატურის შვილების, არამედ 
უბადრუკი ხრუშჩოვკების ბინადართა სულიერი მდგომარეობა, ვისაც კარლოს თქმით, 
„ბედნიერება მოპარეს“, სწორედ მის შემოქმედებას უნდა მიმართოს, როგორც მხატვრულ 
ნარატივს.  
როგორ ამბობს კარლო თავის სათქმელს - მისი ესთეტიკის, მხატვრული სტილის ჩამოყალიბებაში ლომის წილი მიუძღვის განათლებას. კარლო ბევრს კითხულობდა. ყოველდღიურად ვითარდებოდა, იზრდებოდა, ივსებოდა და შემდეგ გვიზიარებდა იმას, რაც მის ფიქრებში დუღდა და ილექებოდა. კარლო ეცნობოდა ევროპისა და ამერიკის კონტრკულტურულ ლიტერატურას, კინოს, მხატვრობას და ამასობაში, მას „შემოესწავლა“ ის სახვითი ენა, რომელსაც იყენებდა ალტერნატიული დასავლეთი. კერძოდ კი, კარლომ მსგავსი ტკივილი დაინახა გერმანული ექსპრესიონიზმისა და ნეოექსპრესიონიზმის წარმომადგენელთა შემოქმედებაში. თუკი მისი თაობის მხატვრები სათავისო სახე-ხატებს პოულობდნენ ქართულ ფრესკულ თუ მინიატურულ მხატვრობასა და ხატწერაში, კარლომ თავისი სატკივარის შესატყვისი მხატვრული ხერხები აღმოაჩინა პირველი მსოფლიო ომის სიმახინჯის ამსახველ ხელოვნებაში. სწორედ ამ სპეციფიკური მხატვრული „ენის“ წყალობით, ის თავის ტილოებზე „ალაპარაკდა“ უცხოელთათვის ნაცნობი სახე-ხატებით.
რატომაა, რომ გერმანიამ ასე აიტაცა და დააფასა კარლოს შემოქმედება? თქვენ იცით, რომ გოეთეს ინსტიტუტმა ირინა პოპიაშვილის კურატორობით მისი მასშტაბური გამოფენები მოაწყო და შესანიშნავი დიდტანიანი ალბომიც გამოსცა. მათ „ემშობლიურათ“, ეცნოთ ის სახვითი ენა, რომლითაც კარლოს ფერწერა და გრაფიკა „მეტყველებდა“. გარდა გერმანულენოვანი მინაწერების, ციტატების, მის საყვარელ მწერალთა, მხატვართა თუ კინორეჟისორების სახელებისა და გვარებისა, აქ მათ დაინახეს გერმანული ექსპრესიონიზმისა და ნეოექსპრესიონიზმისთვის დამახასიათებელი გამოსახულებები - ტეხილი, რაღაცნაირად წვეტიანი, დეფორმირებული, დისპროპორციული პერსონაჟები, რომლებიც მარტოობით და  ტკივილით ავსებდნენ სურათებს. დაინახეს, ეცნოთ და გაიგეს. და თუ მანამდე ქართული ავანგარდი მსოფლიოს არტსცენაზე უხილავი იყო, ერთ-ერთი მხატვარი, ვინც ის ამ უხილავი მდგომარეობიდან გამოიყვანა, კარლო იყო.
აქ ნახავთ მკვრივ, განგაშივით მყვირალა, ინტენსიურ ფერებს, ნიღბად ქცეულ, გროტესკულ, ავადმყოფურად ყვითელ სახეებს, ტეხილ, წაწვეტებულნაკვთიან ადამიანებს, როგორც ერნსტ ლუდვიგ კირხნერთან, კარლ შმიდტ როტლუფთან, ოტტო დიქსთან ან ემილ ნოლდესთან, ნახავთ მაქს ბეკმანისებურ სასოწარკვეთას, დაჩხაპნილ, დესტრუქტურირებულ  ადამიანებს, როგორც ბასკიასთან. ეს სწორედაც რომ ციტატებია, გავლენაა, იმის ნიშანია, თუ რომელი მხატვრები იყვნენ მისი „სულიერი მეგობრები“, მიუხედავად დროითი და ტერიტორიული სიშორისა. კარლო ამ მხატვრული ხერხებით პირდაპირ გადაგვამისამართებს მის საყვარელ ავტორებთან. მიუხედავად იმისა, რომ ის ექსპრესიონისტებისა და ნეოექსპრესიონისტების მხატვრულ ხერხებს, ან ზოგჯერ ამერიკული მანერით კიტჩურ გამოსახულებებსა და ფერებს იყენებს, კარლოს შემოქმედება არასდროს არავისაში აგერევა. მან საკუთარი ესთეტიკა და იკონოგრაფია შექმნა.
კარლოს „სავიზიტო ბარათი“ არის ამ პერსონაჟებისადმი ავტორის სათუთი დამოკიდებულება. ერთგან ახსენებს ასეთ რამეს - „უნებლიე ჯარისკაცი“. ეს ეპითეტი ალბათ სხვა პერსონაჟებზეც შეგვიძლია განვავრცოთ. მაგალითად, მეძავებში ის ხედავს ანგელოზებს, რომლებმაც ცხოვრებას „ფეხი წამოკრეს“. ამ ანგელოზების გარემო არის ტიპური საბჭოური ურბანული გარემო - უსახური მრავალსართულიანი კორპუსები, ქარხნები, მბჟუტავი ლამპიონები, უღიმღამო ღარიბული ოთახები, სადაც თითქოს აღარავინ ელის ანგელოზის არსებობას, რადგან აქ იმედი მოკვდა. კარლოს ნახატების, მოთხრობების და ლექსების პერსონაჟები იმედდაკარგული, დაუცველი, დამსხვრეული  ადამიანები არიან, საკუთარი მძიმე ისტორიებით.
ჯარში შეთხზულ პერსონაჟებზე ამბობს - „ეს უცნაური ლამაზი არსებები ისე უნდა დაიხატონ, თითქოს ერთდროულად მირბიან, ეცემიან და მიფრინავენო“.  კარლომ ზუსტად მიაგნო ამ პოზას - ტეხილი, კუთხოვანი პოზა მოხრილი ფეხებით და გაშლილი ხელებით. მართლაც ვერ მიხვდები, გარბის, ეცემა თუ მიფრინავს. ეს ფორმულაა, ადამიანის სამგვარი მდგომარეობის გამომხატველი ფორმულა. როგორც H2O შეგიძლია განავრცო აისბერგზე, ოკეანეზე, წვიმაზე და ცრემლზე, ეს ისეთივე ტევადი ფორმულაა, რომელიც შეიძლება ადამიანის მთელ ცხოვრებისეულ გზას გამოხატავდეს, თავისი შეუჩერებელი მოძრაობით, სიჩქარით, დაცემებითა და აღმაფრენებით სავსე ცხოვრებას. მოფარფატე ანგელოზი, ეს იმედის ნაპერწკალი, კარლოს ნამუშევრების თითქმის მუდმივი, თანმდევი პერსონაჟია. კარლო ხატავს ადამიანს, რომელმაც თითქოს ჯერ არ იცის საკუთარი უბედურების მიზეზი და გამოსავალი. სწორედ ამიტომ არის უკიდურესად უიმედო. მარტოსული უმოქმედო პროლეტარებით კარლო გვანახებს იმას, რასაც თავად მისი გმირები ვერ ხედავენ. ზოგჯერ მარიონეტებივით თოჯინური, უსუსური ტიპაჟები იმის მანიშნებელია, რომ მათ არაფრის შეცვლა შეუძლიათ. სწორედ ამიტომაა ეს სახე-ხატებ ასეთი მძლავრ.
კარლოსთან ძალიან ბევრი სიყვარული და სიბრალულია. მას უზომოდ უყვარს ეს პერსონაჟები, რომლებიც სურათიდან სურათში, ლექსიდან ლექსში გადადიან, მეორდებიან და შენში, მაყურებელში, ისეთივე სათუთ, ფაქიზ გრძნობებს იწვევენ, როგორც ავტორში. კარლოს ისინი ებრალებიან, რადგან მათ არავინ იცავს. ამიტომ მათ იცავს კარლო. მისი მითები კონტრკულტურის რომანტიზებულ პერსონაჟებზე - ეს 80-იანი წლების კეთილშობილური მითებია, რომლებითაც ამ გმირების განწმენდაც ხდება (ფიროსმანის ორთაჭალის ტურფების არ იყოს, მხარზე დასმული თეთრი ჩიტებით) და ამავდროულად, ჩვენი ერთგვარი კათარზისიც - ობივატელურ რუტინაში ჩაფლული, სოციალურად ინფანტილური, გარქოვანებული ადამიანების კათარზისი. კარლოს ნაწარმოებები ჩვენს სულებს თლის, ხვეწს და უფრო მგრძნობიარე, ჰუმანურ ადამიანებად გვაქცევს.
თავად კარლოს ინიციაცია ჯერ იმ უბადრუკ ხრუშჩოვკაში მოხდა, რომლის სადარბაზოში ნაგვის ბუნკერის სუნი იდგა, იმ უშუქობასა და გაყინულ სახელოსნოებში, სადაც კონსერვის ქილაში ჩარჭობილი სანთელი ენთო და სადაც, ზოგჯერ ზეწარზე დაუხატავს, რადგან ტილოს ყიდვას ყოველთვის ვერ ახერხებდა, საღებავზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მაშინ უმეტესობა ასე ცხოვრობდა. მაგრამ ამ პირობებში ნებისმიერი, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ამბიდან კარლოს მთელი მითის შექმნა შეეძლო!
კარლოს მხატვრობისა და პოეზიის გარდა, დღიურებსაც აქვთ სოციალური ფუნქცია. კარლოს არქივში უამრავი უბის წიგნაკია, სავსე ჩანახატებით, ლექსებით, ციტატებით, ფიქრებით, რომლებიც ერთმანეთს ხსნიან, განმარტავენ და ავსებენ. დიდი ნაწილი ყოველდღიურობის აღწერას ეთმობა. ეს აღწერა უკიდურესად დეტალურია და სწორედ ამ დეტალურობაში - და მათ მთლიანობაში - ვიღებთ იმდროინდელი ცხოვრების ფართო სურათს.
ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ჯარის დღიურები. კარლო ამ საბჭოურ უბედურებას ჯარში კიდევ უფრო მწვავედ ეზიარა, საკუთარი ტყავით იწვნია, რას ნიშნავდა ადამიანის გრძნობების, ღირსების, უფლებების შელახვა და გაუფასურება. ჯარის უბის წიგნაკები მოიცავს 1987 წლის გაზაფხულიდან აგვისტომდე ჩანაწერებს. საბჭოთა ჯარში მსახურება კარლოს ჯოჯოხეთად ექცა. ბატონ დიმიტრი თუმანიშვილს ჯარიდან წერდა: „აქ გაძლება ვერ შევძელი. არ ვიცი, ამბობენ, ადამიანი ყველაფერს ეჩვევაო - ესეც ნუგეშის ნაცვლად საკუთარ არასრულფასოვნებას თუ მაგრძნობინებს მხოლოდ - მაშ მე არაადამიანი ვყოფილვარო.“ რამ გააძლებინა და ეს იყო მისი განათლება, იუმორი და ფანტაზია.
რამდენი ადამიანი იყო საბჭოურ ჯარში, მაგრამ ოჯახის წევრების და მეგობრებისადმი მიწერილი პირადი წერილების გარდა, ამგვარი ნარატივი ჯერ არ გამოცემულა.
სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, კარლომ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის, ხელოვნების ისტორიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა და მალევე გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. რა არ იღონა ოჯახმა, რომ ჯარიდან დაეხსნა. ჯერ ბრონქიალური ასთმის ყალბი ცნობა გაუკეთეს. ეს იმ დროს გავრცელებული ხრიკი იყო. მაგრამ სამხედრო კომისარიატმა მაინც ვარგისად სცნო შედარებით მსუბუქი სამსახურისთვის. ასეთად სამშენებლო ბატალიონი ითვლებოდა, ე.წ. „სტროიბატი“. კარლოს თავი უკრეს რუსეთში. ჯერ იყო ლენინგრადი, მერე უფრო ჩრდილოეთით, არხანგელსკთან, ქალაქი მირნი, ამას მოჰყვა კალუგა, სოსენსკი, ახლებენინო.
მირნი - ახლაც ვერ ვხვდები, რატომ ქვია ამ გასამხედროებულ, გასაიდუმლოებულ ქალაქს ასეთი მშვიდობიანი სახელი. როგორი სარკაზმია! კოსმოდრომის გამო მირნი სამოქალაქო პირებისთვის ჩაკეტილი იყო. იქ ნამყოფ ადამიანებს პასპორტში ბეჭედს ურტყამდნენ - „ნევიეზდნოი“ - ასეთ პირებს საზღვარგარეთ ტურისტად გასვლაც ეკრძალებოდათ.
კლიმატმაც ცუდად იმოქმედა. სულ ავადმყოფობდა, მხედველობა დააკლდა, თმა გასცვივდა. როგორც იქნა, ოჯახის დაუღალავი მცდელობების და ყალბი სამედიცინო დასკვნების შედეგად, კარლო ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს, საიდანაც მალე „გააკომისიავეს“. ასე ერქვა კომისიის დასკვნით სამხედრო სამსახურის შეწყვეტას. 22 წლის ახალგაზრდა, ჯარის დასრულებამდე 11 თვით ადრე სახლში გამოუშვეს. ერთი რამ აღელვებდა კარლოს ყველაზე მეტად - ფსიქიატრიულ დასკვნას სამეცნიერო ინსტიტუტში მუშაობაში ხელი არ შეეშალა.
ჯარში მხოლოდ ის რეგვენი იგრძნობდა თავს კარგად, ვინც უმტკივნეულოდ იტანდა დამცირებას, ღირსების შელახვას, აგრესიას, სიჩლუნგეს და სისასტიკეს. ერთგან აღწერს, როგორ გაუგზავნა დედამ წამალი და ამ წამალს არ აძლევდნენ. ეს წამალი ექიმის კაბინეტში ინახებოდა და კარლო სულ იმას ფიქრობდა, როგორ მოეპარა. არადა, რომ მოეპარა, გაუბტვახტში გამოამწყვევდნენ. სულაც რომ არ დაელია, ეს აბები დედის სიყვარულის და მზრუნველობის გამოვლინება იყო და ამდენად, იქ, ჯარში, ძალიან ძვირფასი რამ! და ასეთ პირობებშიც კი, კარლო სულ რაღაცას ხატავდა და წერდა - იქნებოდა ეს ალან გინზბერგისადმი მიძღვნილი ბიტნიკური ლექსი, აბსურდული პოემა „რუდაქი“, ნორვეგიული იგავი თუ დოკუმენტური ფილმის სცენარი. ლევან ჭოღოშვილს მიუწერია - „ისეთ წერილებს მწერ, გეგონება ჯარში კი არა, ლონდონის სამეფო ბიბლიოთეკაში ხარო.“
ჯარში ის საკუთარი პერსონაჟებივით უსუსურია. თავის გადასარჩენად ამ დაკარგულ, გაუცხოვებულ ადამიანებზე პოსტმოდერნისტულ მითებს თხზავს. ჯარის დღიურებში დიდი ადგილი უკავია რეფლექსიას - ცდილობს გააცნობიეროს, რატომ წერს კონტრკულტურის რომანტიზებულ პერსონაჟებზე - პეტრაზე, სანდრაზე, ანგელოზის მკვლელ მაქსზე. და ამბობს - „მათში არის სიცოცხლის ნების, სურვილის ნარჩენებიო“.
პატარა ციტატა დღიურიდან, გვ 163.
კარლო თავის პერსონაჟებს ანგელოზებად აქცევს. ამიტომაც შეარჩია კარლოს დამ ლიკამ ასეთი სათაური ჯარის დღიურებისთვის - „მგზავრობის ანგელოსი“. სხვათა შორის, ეს დღიურები 2014 წელს ორჯერ გამოიცა და იმ წელსვე უკვე რარიტეტად იქცა. 
კარლოს დას, ლიკა კაჭარავას გადაწყვეტილი აქვს, თანდათანობით გამოაქვეყნოს მისი სხვა დღიურებიც. კიოლნის დღიურის ფაქსიმილე და ჯარის პერიოდი უკვე გამოიცა, მაგრამ კარლოს არქივში 17-მდე ასეთი წიგნაკია. ნაწილი გამოსაცემად უკვე მზადაა - მოსკოვის, სენეჟის, ლენინგრადის, პარიზის და მადრიდის დღიურები. გამოსაცემია მისი ჩანახატების მცირეტანიანი ალბომებიც. ეს ის ალბომებია, სადაც ნახატებით უწყვეტი თხრობა მიდის, ერთგვარი ვიზუალური ნარატივი კარლო კაჭარავას მიერ დანახული რეალობისა.
კარლოსადმი ახალი თაობის ასეთი მასშტაბური ინტერესის მიზეზი მისი მრავალმხრივობაა - მის შემოქმედებაში სათავისოს აღმოაჩენს მეცნიერი, ჯარისკაცი, ინტელექტუალი, მუშა, სოციალისტი, მაღაროელი, მორწმუნე, მეძავი, ხელოვანი, ხეიბარი, ჰიპსტერი და სხვა. ეს ინტერესი იმაზეც მეტყველებს, რომ ხელოვნების გაგება - ხელოვნებისა არა ხელოვნებისთვის, არამედ როგორც სოციალური და პოლიტიკური პოტენციალის მქონე ფენომენის - დღეს კიდევ უფრო აქტუალურია. ჯერ როდის წერდა კარლო მაღაროელებზე და დღეს მას აუცილებლად  ექნებოდა მხატვრული ფორმით მწვავე რეაქცია ჭიათურაში და სხვაგან მიმდინარე კატასტროფებზე, განათლების სისტემაზე, რომელიც განათლების მნიშვნელობას აკნინებს და სტერილური თაობების აღზრდას უწყობს ხელს. ყველგან ილახება ადამიანის ღირსება და უფლებები. და კარლო ამას აუცილებლად გამოეხმაურებოდა.
მე დარბაზში ვხედავ იმ ახალგაზრდებს, ვინც მუდმივად ეპასუხება ჭიათურისა თუ ქვეყანაში არსებულ სხვა პრობლემებს. ეს საღამო, ახალგაზრდების ინტერესი, იმის მაჩვენებელია, რომ კარლოს შემოქმედება დღეს განსაკუთრებით აქტუალური და რელევანტურია. კარლო ძალიან ბედნიერი იქნებოდა იმის გამო, რომ აქ ამდენი ახალგაზრდა დგას.
გმადლობთ,  რომ ეს საღამო მოაწყეთ.
ყველას გილოცავთ კარლო კაჭარავას დაბადების დღეს!

2019, 7 თებერვალი
P.S. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საღამოზე ერთი ახალგაზრდა ჟღალთმიანი ქალიშვილის გამოსვლამ. მან კარლოს შესანიშნავი ლექსი წაიკითხა „თქვენ თამაშობდით“). ემჩნეოდა, რომ ამ დროს თითოეულ სიტყვას „სულს უბერავდა“. ბოლოს თქვა - კარლოს შემოქმედება „სულის ღრიალია“ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მდგომარეობა გამოვასწოროთო. ძალიან გულანთებული, მებრძოლი გოგონა ჩანდა. დარწმუნებული ვარ, კარლო აღფრთოვანებული დარჩებოდა ამ ახალგაზრდათი.